admin

ქ. თბილისში, სასტუმრო „Biltmore”-ში, 27-28 ოქტომბერს გაიმართა კონფერენცია თემაზე „ბრენდინგის სტრატეგიები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ორგანიზებით. კონფერენციის მიზანი იყო, გაეცნო ქართველი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის, თუ როგორ შეიძლება მათ მიერ წარმოებული/მოყვანილი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ინტელექტუალური საკუთრების ისეთი ობიექტის გამოყენებით, როგორიცაა გეოგრაფიული აღნიშვნა, დიზაინი და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის სამინისტრის ყველა რეგიონული სამმართველოს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საფრანგეთის ადგილწარმოშობისა და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (INAO), უნგრეთისა და პოლონეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების  წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა ისმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ბინინ ვანგმა.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. ამჟამად საქართველოში რეგისტრირებულია 20 გეოგრაფიული აღნიშვნა (როგორიცაა სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა და სხვ.) და 26 ადგილწარმოშობის დასახელება (ისეთები როგორიც არის ღვინო „მუკუზანი“, „ქინძმარაული“, „ხვანჭკარა“, მინერალური წყალი „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და სხვ.) დღეისათვის გამოვლენილია ასზე მეტი პროდუქტი, რომელიც პოტენციურად გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადია, მაგალითად, ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი, ჭოპორტის პომიდორი. კონფერენციის შემდეგ გაიმართა ამ პროდუქციის ნაწილის გამოფენა.

კონფერენცია დასრულდა სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერით გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „OriGin“ და „OriGin საქართველოს“ შორის, რომელიც ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენას, ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულია ფერმერებისა და მეწარმეების დახმარება ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხებში და საერთაშორისო კონტაქტების მოძიებაში.

ნოემბერი 1, 2016

„ბრენდინგის სტრატეგიის“ კონფერენცია, თბილისი 27-28 ოქტომბერი

ქ. თბილისში, სასტუმრო „Biltmore”-ში, 27-28 ოქტომბერს გაიმართა კონფერენცია თემაზე „ბრენდინგის სტრატეგიები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ორგანიზებით. […]
MGT