საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება

2023 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება.

ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა 2012 წლიდან, ხოლო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს ქ. მიუნხენში.

ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული, მათი ევროპული პატენტების ვალიდაცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) წევრი ქვეყანა, ვალიდირებულ ევროპულ პატენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ექნებათ იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულ პატენტებს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს საპატენტო კანონში, რაც მიზნად ისახავს ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ვალდებულების შესრულებას. ასევე, საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას.

MGT