2019 წლის 30 მაისს ქ. თბილისში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაიმართა კონტრაფაქციასთან ბრძოლის ზომებსა და სასაზღვრო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული სასწავლო სემინარი. სემინარი ორგანიზებულ იქნა ანტი-კონტრაფაქციულ ორგანიზაციის React, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და React-ის ადგილობრივ პარტნიორს, შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“, შორის თანამშრომლობით.
ღონისძიების მიზანი იყო კონტრაფაქციულ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება და კონტრაფაქციულსა და
ორიგინალ საქონელს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების გაცნობა. იმავდროულად, გამართული სემინარით დაიწყო React-სა და შემოსავლების სამსახურს შორის სამომავლო მტკიცე და ეფექტური თანამშრომლობა კონტრაფაქციასთან ბრძოლის კუთხით. ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხასიათს ატარებდა საქართველოს მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით რეგიონში, როგორც სატრანზიტო და მზარდი სამომხმარებლო ბაზრის მქონე ქვეყნისა, რომელსაც გააჩნია წვდომა ევროკავშირის ბაზარზე.
სასწავლო სემინარი ოფიციალურად გაიხსნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ბ-ნი ზურაბ ძნელაშვილის, მისასალმებელი სიტყვით. სიტყვით, ასევე, გამოვიდნენ React-ის რეგიონალური დირექტორი ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კაზიმირას სარზისკასი და შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“-ს ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი.